დონალდ ტუსკი - აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის ეკონომიკური პარტნიორობა სუვერენულ სახელმწიფოებს შორის
აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ეს არის ეკონომიკური პარტნიორობა სუვერენულ სახელმწიფოებს შორის, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე პირველი არხის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
ტუსკის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს პარტნიორების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“პარტნიორებმა დაადასტურეს ვალდებულება დემოკრატიისა კანონის უზენაესობის მიმართ. ესაა ევროპის გეოპოლიტიკური ალტერნატივა სხვა მიმართულებასთან შედარებით”, – აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.
პრესკონფერენციაზე კითხვებს უპასუხა ევროკომისიის პრეზიდენტმაც. ჟან კლოდ იუნკერის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არ უკავშირდება გაფართოების საკითხს, ევროკავშირსა და პარტნიორებს შორის ბევრი ხელშეკრულებაა გაფორმებული და მთავარი ამოცანა მათი შესრულება უნდა იყოს.
“აღმოსავლეთ პარტნიორობა პირველ რიგში ხალხების პარტნიორობაა, რომელიც მიზნად ისახავს ინტეგრაციის გაძლიერებას. ყველა თანხმდება, რომ სტაბილურობა უნდა დაიწყოს შიგნიდან – ეს ნიშნავს, ძლიერ ეკონომიკას და განათლებას. ევროკავშირი მხარს უჭერს აღმოსავლეთ ევროპაში ქვეყნების დაახლოებას. ოც სპეციფიკურ ზომაზე შევთანხმდით, ესაა ეკონომიკური თანამშრომლობა, ეფექტური მმართვეობა და სხვა”, – განაცხადა იუნკერმა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები შეაჯამა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმაც. იური რატასმა თქვა, რომ დასახული ოცი ამოცანის შესრულება 2020 წლისთვის დაიგეგმა.