დონალდ ტრაპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შესაძლოა, შვედეთში გაიმართოს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრაპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შესაძლოა, შვედეთში გაიმართოს. ამის შესახებ შვედური გამოცემა Aftonbladet-ი წერს.
აღნიშნული ინფორმაცია მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვაშინგტონში ვიზიტისას შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოვენმა მხარეებს დახმარება შესთავაზა.
„თუ რამე სახით დახმარება შეგვიძლია, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ლოვენმა.
შვედეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელსაც ფხენიანში საელჩო გააჩნია, შვედეთი ხშირად ასრულებს შუამავლის როლს ჩრდილოეთ კორეასა და სხვა სახელმწიფოებს შორის.
როგორც გამოცემა Washinton Post-ი წერს, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილი ასევე შეიძლება იყოს ნეიტრალური შვეიცარია, ან სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებული დემილიტარიზებული ზონა.
გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრა შესთავაზა, რასაც დონალდ ტრამპი დასთანხმდა.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენი ინის შეხვედრა შესაძლოა, მაისის ბოლომდე შედგეს, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადებას შესაძლოა, გაურკვეველი დრო დასჭირდეს. ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეხვედრა არ შედგება, თუ ფხენიანი კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.