დონალდ ტრამპთან ერთად, საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმეზე ბრალი მის ყოფილ თანაშემწეს წაუყენეს
დონალდ ტრამპთან ერთად, საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმეზე ბრალი მის ყოფილ თანაშემწეს წაუყენეს

დონალდ ტრამპთან ერთად, საიდუმლო დოკუმენტების შენახვის საქმეზე ბრალი მის ყოფილ თანაშემწეს, ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, უოლტ ნაუტას წაუყენეს.  ამის შესახებ თავად ყოფილი პრეზიდენტი თავის სოციალურ ქსელში წერს.

„ისინი ცდილობენ მისი სიცოცხლის განადგურებას, მრავალი სხვა ადამიანის სიცოცხლის მსგავსად, იმ იმედით, რომ ის ცუდ რაღაცებს იტყვის ტრამპზე. ის ძლიერია, მამაცია და დიდი პატრიოტია. გამოძიების ფედერალური ბიურო და იუსტიციის დეპარტამენტი კი კორუმპირებულია“, – წერს ტრამპი.

ჯერ უცნობია, რა მუხლით აქვს წაყენებული ტრამპის ყოფილ თანაშემწეს ბრალი.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის იურისტთა გუნდი მისმა ორმა ადვოკატმა, ჯიმ თრასტიმ და ჯონ როულიმ დატოვა. დონალდ ტრამპმა იურისტთა ახალი გუნდი უკვე წარადგინა. ტრამპი მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებს კუდიანებზე ყველა დროის ყველაზე მასშტაბურ ნადირობას უწოდებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი მაიამიში, ფედერალური სასამართლოს წინაშე სამშაბათს წარდგება მას შემდეგ, რაც მას საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადო მოპყრობის საქმეზე ბრალი წაუყენეს. ყოფილ პრეზიდენტს ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის შენახვასთან და მართლმსაჯულების ხელის შეშლასთან დაკავშირებით შვიდი პუნქტით აქვს ბრალი წაყენებული.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ფლორიდაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტები 2022 წლის აგვისტოში ამოიღო. საიდუმლო დოკუმენტების საქმეს სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი იძიებს.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, მიმდინარე წლის იანვარში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის იურისტების გუნდმა ნოემბრის დასაწყისში ბაიდენის ყოფილ ოფისში, პენ ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრში 10-მდე საიდუმლო ფაილი აღმოაჩინეს და ისინი დაუყოვნებლივ გადასცეს ეროვნულ არქივს. გავრცელებული ინფორმაციით, ანალიტიკურ ცენტრში, რომელსაც ჯო ბაიდენი ოფისად 2017-2020 წლებში იყენებდა, ინახებოდა აშშ-ის სადაზვერვო ჩანაწერები, ასევე უკრაინასთან, ირანსა და დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული ბრიფინგების მასალები. აღნიშნულ საქმეზე ასევე მიმდინარეობს ფედერალური გამოძიება, რომელსაც სპეციალური პროკურორი რობერტ ჰარი ხელმძღვანელობს.