დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ხელახლა შემუშავებული საბრალდებო დასკვნა წარუდგინეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მიერ ტრამპისთვის წაყენებული განახლებული ბრალდება შეიცავს წინა დასკვნით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ოთხივე ბრალდებას, თუმცა ამსუბუქებს მათ ნაწილს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ყოფილ პრეზიდენტებს იმუნიტეტი აქვთ.
„როიტერის“ ცნობით, ახალი ბრალდებიდან ამოღებულია საქმის ის ნაწილი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტთან ტრამპის ურთიერთობას შეეხება. ეს ნაწილი უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტით დაცულად მიიჩნია.
როგორც „როიტერი“ წერს, „სავარაუდოდ, ეს არის მცდელობა, რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს“.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა. აბსოლუტური იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალურ ქმედებაზე, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განახორციელა. იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოუწევთ, თავად გამიჯნონ პრეზიდენტის ოფიციალური და არაოფიციალური ქმედებები.