დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტი წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტი წარადგინა.
სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კონსერვატორი ემი კონი ბარეტი სასამართლოში ლიბერალ რუთ ბეიდერ გინსბურგის ადგილს დაიკავებს, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა.
წარდგენისას პრეზიდენტმა ტრამპმა ემი კონი ბარეტს ნიჭიერი და ბრწყინვალე გონების ადამიანი უწოდა, გარდაცვლილ რუთ ბეიდერ გინსბურგს კი – ამერიკის ლეგენდა. ტრამპის თქმით, გინსბურგი თავისი საქმიანობით მომავალი თაობების შთაგონებას გააგრძელებს.
48 წლის ემი კონი ბარეტი დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი მესამე კანდიდატია.
ემი კონი ბარეტს ახასიათებენ, როგორც მორწმუნე კათოლიკეს, რომელსაც აბორტების ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ორგანიზაციები უჭერენ მხარს.
აღსანიშნავია, რომ ბარეტმა თავის დროზე მხარი დაუჭირა ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.
აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ ინიშნებიან. მოსამართლეობის კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენს, რის შემდეგაც მას სენატი ამტკიცებს, სადაც ამჟამად უმრავლესობას მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაპარტიელები – რესპუბლიკელები ფლობენ.