აშშ-ის პრეზიდენტმა სენატში მისი იმპიჩმენტის პროცესს ტყუილი უწოდა. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დავოსში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ტრამპი აცხადებს, ოპონენტებმა მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებზე დაფუძნებული იმპიჩმენტი წამოიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება, რათა აშშ-ში მეტი ინვესტიცია მიიზიდოს.
„მთელი ეს ამბავი არის ტყუილი. ეს საქმე ვერაფერს მოიტანს, რადგან არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ჩვენი სამუშაო, რომელსაც კარგად ვასრულებთ. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვართ და სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენ ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გვაქვს. დღეს მე ევროპაში ვარ, რადგან ჩვენს ქვეყენაში უფრო მეტი კომპანია ჩამოვიდეს და ათასობით, მილიონობით სამუშაო ადგილი შეიქმნას. დანარჩენი ყველაფერი ტყუილია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
21 იანვარს სენატში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. დემოკრატები ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გზით პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.
სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები აკონტროლებენ და ამიტომ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება პრაქტიკულად გამორიცხულია.