სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო
სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. რესპუბლიკელები ითხოვენ, რომ პროცესი სწრაფად დასრულდეს.

სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა წარადგინა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის გასამართლების დროს, სენატში მოწმეებს არ დაკითხავენ და დემოკრატების მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა არ მოხდება.

დემოკრატებმა მაკკონელის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას „სამარცხვინო“ უწოდეს. როგორც წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რესპუბლიკელები „პრეზიდენტის დანაშაულს ხელს აფარებენ“.

მისივე თქმით, თითოეულმა სენატორმა, ვინც ამ რეზოლუციას მხარს დაუჭერს, „ამერიკელი ხალხის წინაშე უნდა აგოს პასუხი“.

რესპუბლიკელების ინიციტიავით, ტრამპის ადვოკატებს და წარმომადგენელთა პალატის მიერ არჩეულ ბრალდების მხარეს ექნებათ ორი დღე, რათა საკუთარი არგუმენტები წარადგინონ. როგორც ვარაუდობენ, დემოკრატების მიერ შერჩეული კონგრესმენები სენატში 22 და 23 იანვარს გამოვლენ სიტყვით, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის დამცველი იურისტები 24 და 25 იანვარს. შემდეგ კიდევ 16 საათი იქნება გამოყოფილი, რომ მხარეებმა სენატორების კითხვებზე პასუხი გასცენ, რასაც მოჰყვება ოთხსაათიანი დებატები. სწორედ ამ დებატებზე გადაწყდება, აუცილებელია თუ არა მოწმეების გამოძახება. ამის შემდეგ სენატი ტრამპის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას უყრის კენჭს.

როგორც ცნობილია, დემოკრატები ტრამპს უფლებამოსილების გადამეტებასა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში სდებენ ბრალს. ოპონენტების მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ზეწოლა მოახდინა უკრაინის ლიდერზე, რათა ამ უკანასკნელს ტრამპის სავარაუდო კონკურენტ ჯო ბაიდენის და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო.