დონალდ ტრამპმა საჯარო მიმართვის დროს მექსიკის საზღვრის საკითხზე ისაუბრა
დონალდ ტრამპმა ოვალური კაბინეტიდან საჯარო მიმართვა გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მექსიკის საზღვართან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
მან მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერებიდან 18 დღის შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა მზარდი კრიზისია, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, არალეგალური მიგრაციის გამო, ყველა ამერიკელი ზარალდება. დონალდ ტრამპის თქმით, მიგრაციული დანაშაულების გამო, შესაძლოა, ათასობით ამერიკელი დაიღუპოს. ამის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასტიკი მკვლელობა მოიყვანა, რომლებიც არალეგალი იმიგრანტების მიერ იქნა ჩადენილი.
ამასთან ერთად, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კანონიერი მიგრანტების მიღებით ამერიკა ამაყია.
ოვალური კაბინეტიდან საჯარო მიმართვის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერებაზე პასუხისმგებლები დემოკრატები არიან, რადგან მათ არ სურთ, მექსიკის და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე კედელი აშენდეს და უსაფრთხოება გაძლიერდეს. პრეზიდენტის თქმით, ვითარება შესაძლოა, 45 წუთში მოგვარდეს, თუმცა უთანხმოების გამო, ეს არ ხდება.
ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ კედლის აშენება მის მიერ მექსიკასთან მიღწეული სავაჭრო შეთანხმებისგან მიღებული სარგებლით არის შესაძლებელი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველ საჯარო მიმართვას რამდენიმე ამერიკული მედიასაშუალება პირდაპირი ეთერით გადასცემდა. ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, მას კედლის აშენება კონგრესის გვერდის ავლით შეეძლო. ამერიკული მედიის ვარაუდი, რომ საჯარო მიმართვის დროს დონალდ ტრამპი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა, არ გამართლდა.