დონალდ ტრამპმა გუბერნატორებისთვის გამართულ სადილზე იარაღის ფლობის რეგულაციების საკითხზე ისაუბრა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გუბერნატორებს უმასპინძლა.
სპეციალურ სადილზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ იარაღის შესახებ დისკუსიები მათი განხილვის საგანიც იქნება მიმდინარე კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე.
მსროლელთა ეროვნულმა ასოციაციამ კვირას მხარი არ დაუჭირა ტრამპისა და სხვა რესპუბლიკელების შეთავაზებას, რომ აშშ-ში იარაღის შესახებ კანონი გამკაცრდეს. ამ ინიციატივით ქვეყნის პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკოსები ფლორიდის სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ გამოვიდნენ, რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იარაღის ლობი არ ემხრობა ტრამპის შეთავაზებებს, რომ გაიზარდოს გარკვეული ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შესაძენად საჭირო ასაკი და საერთოდ აიკრძალოს ნახევრად ავტომატური იარაღის გასაძლიერებელი მოწყობილობების გაყიდვა. ამის შესახებ ლობის წარმომადგენელმა ABC-ის სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
„აშშ-ის მსროლელთა ეროვნული ასოციაცია არ უჭერს მხარს ამ აკრძალვებს“, – განაცხადა პრესსპიკერმა.
ასოციაცია ტრამპს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კამპანიის განმავლობაში ღიად უჭერდა მხარს. თავად პრეზიდენტი კი ხშირად უსვამს ხაზს, რომ მხარს უჭერს იარაღის ფლობის შესახებ ამერიკელების კონსტიტუციურ უფლებას.