დონალდ ტრამპმა გერმანიაში აშშ-ის ელჩი დაზვერვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა
დონალდ ტრამპმა გერმანიაში აშშ-ის ელჩი დაზვერვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიაში ამერიკის ელჩი რიჩარდ გრენელი ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში დაწერა.

დონალდ ტრამპმა დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს, ჯოზეფ მაგუაიერს მადლობა გადაუხადა პოსტზე შესრულებული სამუშაოსთვის და არ გამორიცხა, რომ მასთან ერთად ადმინისტრაციაში თანამშრომლობა გააგრძელოს.

„რიკი შესანიშნავად წარადგენდა ჩვენს ქვეყანას და მე მოუთმენლად ველოდები მასთან თანამშრომლობას. მსურს, მადლობა გადავუხადო ჯო მაგუაიერს მის მიერ შესრულებული შესანიშნავი სამუშაოსთვის. მე ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობას, შესაძლოა, ეს იყოს ადმინისტრაციაში სხვა პოზიციაზე“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, რიჩარდ გრენელი ეროვნული დაზვერვის დირექტორად მუშაობის პერიოდში გერმანიაში ელჩის თანამდებობას შეინარჩუნებს. ის ასევე არის სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, გრენელი აშშ-ის ისტორიაში კაბინეტის პირველი ღიად გეი წევრი იქნება, რადგანაც გრენელი ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, მას სენატის დამტკიცება არ სჭირდება.

რიჩარდ გრენელი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას გაერო-ში აშშ-ის ელჩი იყო. ის ასევე ახალი ამბების მიმომხილველად მუშაობდა როგორც ბეჭდურ გამოცემებში, ისე ტელევიზიაში. მას სადაზვერვო სამსახურის გამოცდილება არ აქვს, თუმცა ცნობილია დონალდ ტრამპის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით.