დონალდ ტრამპმა ფლორიდის ყოფილი კონგრესმენი გააკრიტიკა და 2001 წელს გარდაცვლილი ქალის საქმე შეახსენა
დონალდ ტრამპმა ფლორიდის ყოფილი კონგრესმენი გააკრიტიკა და 2001 წელს გარდაცვლილი ქალის საქმე შეახსენა.
როგორც დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, „ზოგიერთი თვლის, რომ ყოფილი კონგრესმენს და ამჟამად ტელეკომპანია „ემესენბისის“ წამყვან ჯო სკარაბოროს, მკვლელობა შერჩა.“
„როდის დაიწყება გამოძიება ჯო სკარაბოროს წინააღმდეგ? მას მკვლელობა ხომ არ შერჩა? ზოგიერთი ასე ფიქრობს. რატომ დატოვა მან კონგრესი ასე ჩუმად და სწრაფად? ნუთუ ეს აშკარა არაა! რა ხდება ახლა?“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, ტრამპი, სავარაუდოდ, გულისხმობდა ჯო სკარაბოროს თანამშრომელი ქალის, ლორი კლაუსუტისის გარდაცვალების საქმეს. 2001 წელს მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალს გულის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც დაეცა, თავი დაარტყა და გარდაიცვალა. „ასოშიეთედ პრესი“ წერს, რომ გამომძიებლებმა ასევე განაცხადეს, რომ ქალი სხვა ადამიანის ზემოქმედების შედეგად არ დაცემულა. ამასთან, თავად სკარაბორო, ქალის გარდაცვალების დროს ვაშინგტონში იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ჯო სკარაბოროს წინააღმდეგ ამავე საქმეზე გამოძიების დაწყება მანამდეც მოითხოვა. მაშინ ყოფილმა კონგრესმენმა ამ განცხადებას „პროვოკაცია“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მიკრობლოგში სკარაბოროს შესახებ ახალი ჩანაწერი მაშინ გაჩნდა, როდესაც ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში იყო და აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის სენატში დაკითხვის შესახებ საუბრობდა.
„ძალიან გთხოვ, დონალდ, ამერიკის გულისთვის შეწყვიტე ჩვენი შოუს ყურება, კარგი? ეს შენთვის კარგი არ არის. გათიშე ტელევიზორი და შეუდექი მუშაობას, კარგი? შენ შენი საქმე გააკეთა, ჩვენ ჩვენსას მივხედავთ, ამერიკისთვის ეს გაცილებით უკეთესი იქნება. უბრალოდ გათიშე ტელევიზორი, დონალდ,“ – განაცხადა საკარბორომ პირდაპირ ეთერში.