დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან, სირიასთან, ირანსა და ვენესუელასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
„დიდი ოცეულის“ სამიტზე დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინაზე, სირიაზე, ირანსა და ვენესუელაზე ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე მხარის და ასევე მთელი მსოფლიოს ინტერესშია.
იაპონიის ქალაქ ოსაკაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა. შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ არსებობს საკითხები, რაზეც ორი ქვეყნის ლიდერებმა უნდა ისაუბრონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოლაპარაკების წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგი არ არსებობდა და ლიდერებმა პრიორიტეტები თავად განსაზღვრეს.