დონალდ ტრამპმა CIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ჯონ ბრენანს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა შეუზღუდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ ხელმძღვანელს, ჯონ ბრენანს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა შეუზღუდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს თეთრი სახლის პრესმდივანმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების მიზეზად ჯონ ბრენანის „ცვალებადი ქცევა“ დაასახელა.
„როგორც ქვეყნის მთავარსარდალს, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უნიკალური, კონსტიტუციური პასუხისმგებლობა მაქვს. მათ შორის არის საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომაზე კონტროლი. დღეს ამ პასუხისმგებლობის აღსრულების ფარგლებში გადავწყვიტე, ჯონ ბრენანს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა შევუზღუდო“, – ასეთია დონალდ ტრამპის განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
სახელმწიფოებრივ საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის შეზღუდვის გადაწყვეტილების შესახებ თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა.
ჯონ ბრენანი აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს 2013-2017 წლებში ხელმძღვანელობდა, პოსტის დატოვების შემდეგ კი დონალდ ტრამპის განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩეოდა. ჯონ ბრენანმა თეთრი სახლის ლიდერს „პარანოიით შეპყრობილიც“ კი უწოდა.