დონალდ ტრამპმა აშშ-ის მეტოქე სახელმწიფოებად რუსეთი და ჩინეთი დაასახელა
აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარმოადგინა. დოკუმენტის შინაარსი მოქალაქეებს თავად დონალდ ტრამპმა გააცნო. სტრატეგიაში რუსეთი და ჩინეთი მოხსენიებულია აშშ-ის მეტოქე სახელმწიფოებად.
სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ეს ორი სახელმწიფო აშშ-ის მთავარი კონკურენტია სამხედრო ეკონომიკურ და ინფორმაციულ სფეროებში.
დონალდ ტრამპის თქმით ახალი სტრატეგია ეფუძნება “პრინციპულ რეალიზმს და “გლობალურ კონკურენციას”.
ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საგარეო პოლიტიკაში “დაშვებულ შეცდომებზე” და საკუთარი მიღწევები ჩამოთვალა. მათ შორის ტრამპმა ახსენა ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო ხელშეკრულებიდან და პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლა.
თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, ნახსენებია სტრატეგიის ოთხი ძირითადი მიზანი. ესენია:
1. სამშობლოს დაცვა – ამერიკელი ხალხის და ამერიკული ცხოვრების წესის დაცვა
2. აშშ-ის კეთილდღეობის ხელშეწყობა
3. მშვიდობის დაცვა ძალის გამოყენებით
4. აშშ-ის გავლენის გაძლიერება.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დოკუმენტში განხილულია ის მთავარი პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე.
“მათ შორის საუბარია რევიზიონისტულ ძალებზე, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, პროპაგანდას და იძულებას, რათა შექმნან აშშ-ის ღირებულებებისთვის და ინტერესებისთვის შეუსაბამო სამყარო” – ნათქვამია დოკუმენტში.
აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევებად ასევე დასახელებულია “რეგიონული დიქტატორები, რომლებიც მეზობლებს ემუქრებიან და ქმნიან მასობრივი განადგურების იარაღს”.
ასევე ჯიჰადისტი ტერორისტები, რომლებიც “ბოროტი იდეოლოგიის სახელით აღვივებენ ძალადობას უდანაშაუშლო ადამიანების წინააღმდეგ”.
როგორც ახალი სტრატეგიის შესახებ საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, აშშ-ი გააძლიერებს საზღვრების დაცვას, ასევე გააძლიერებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის და ციფრული ქსელების უსაფრთხოებას.
რუსეთზე საუბრისას ტრამპმა აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ რუსეთისთვის ტერაქტის აღკვეთაში გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი თანამშრომლობა ტერორისტებთან ბრძოლაში უკიდურესად მნიშვნელოვანია.
ტრამპმა ასევე ყურადღება გაამახვილა ძლიერი ეკონომიკის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ვაშინგტონი აღარასდროს შეეგუება სხვა ქვეყნების მხრიდან “სავაჭრო შეთანხმებების ბოროტად გამოყენებას”.
განახლებულ სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ი გააძლიერებს სამხედრო სფეროს, გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა კონკურენტულ გარემოში დაიცვას ეროვნული ინტერესები.
ამასთან, ვაშინგტონი მოუწოდებს პარტნიორებს და მოკავშირეებს მეტი პასუხისმგებლობა იტვირთონ საერთო საფრთხეებთან გასამკლავებლად.
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ძალთა ბალანსი ინდოეთი-წყნარი ოკეანის, ახლო აღმოსავლეთის და ევროპის რეგიონებში აშშ-ის სასარგებლოდ იქნება შენარჩუნებული”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამავე დროს სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ი გააგრძელებს თანამოაზრე სახელმწიფოებთან პარტნიორობას, რათა განავითაროს თავისუფალი ბაზრის პრინციპზე დაფუძნებული ეკონომიკა, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის გაძლიერებას, პოლიტიკურ სტაბილურობას და მშვიდობას.