აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეთიოპიის დედაქალაქში, აფრიკული კავშირის სამიტზე შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს წერილობით მიმართავს. დონალდ ტრამპი აფრიკელი ხალხის მიმართ ღრმა პატივისცემას გამოთქვამს და აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანი მარტში გახანგრძლივებულ აფრიკულ ტურნეს მოაწყობს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, წერილში აღნიშნულია, რომ აშშ დიდ პატივს სცემს აშშ-სა და აფრიკელებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და საერთო ღირებულებებს. ასევე ხაზგასმულია, რომ კონტინენტზე ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ექსტრემიზმის წინააღმდეგ და რომ აშშ მუშაობს “თავისუფალი, სამართლიანი და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისა და ლეგალური იმიგრაციის საკითხებში პარტნიორობის გასაზრდელად”.
აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს დონალდ ტრამპმა, ოვალურ კაბინეტში თათბირზე ის ქვეყნები, საიდანაც აშშ-ში მიგრანტები ჩადიან, „ბინძურ ხვრელებად“ მოიხსენია.