დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი - რესპუბლიკელებო, სჯობს გაიღვიძოთ, აშშ-ის დემოკრატიის არსს შიდა ძალები უტევენ ბნელი ძალების გარე მხარდაჭერით
პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ ფლინი რესპუბლიკელ გუბერნატორებს მოუწოდებს, უარი თქვან პრეზიდენტობისთვის ბრძოლაზე და დონალდ ტრამპს დაუჭირონ მხარი. ამის შესახებ გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მისი განცხადებით, ყველა რესპუბლიკელმა გუბერნატორმა გვერდით უნდა გადადოს საკუთარი ეგო, გადაყლაპოს სიამაყე და დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დონალდ ტრამპს.
„სხვა შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ 2024 წლის არჩევნები უკანასკნელი იქნება ჩვენი რესპუბლიკის შესანარჩუნებლად“, – წერს ტრამპის ყოფილი მრჩეველი.
ამავე განცხადებაში ფლინი ამტკიცებს, რომ აშშ-ის დემოკრატიის არსს „შიდა ძალები უტევენ ბნელი ძალების გარე მხარდაჭერით“.
„გლობალისტები უტევენ ჩვენს რწმენას, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს საგანძურს, ჩვენს სიცოცხლეს. დემოკრატები დაიპყრო მარქსისტულმა/ბოლშევიკურმა მემარცხენეობამ და გლობალისტები თამაშობენ ჩვენი ცხოვრებით ჯანმრთელობის ყალბი შიშებით, ციფრული ვალუტებით, ამერიკული დოლარის გაუფასურებით, ღია სამყაროს გიჟური საიმიგრაციო პოლიტიკით, რომელიც მიგვიყვანს გლობალური სიღარიბის უპრეცედენტო დონემდე, არასაჭირო ომით ევროპაში, რომელიც ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს მილიარდობით დოლარი უჯდებათ და მრავალი სხვა, კიდევ უფრო გიჟური იდეით. ეს ყველაფერი – ერთი მსოფლიო მთავრობის შესაქმნელად, რომელსაც ხელმძღვანელობენ ადამიანები, ვისაც არ აწუხებთ მე და შენ. რესპუბლიკელებო, სჯობს გაიღვიძოთ!“- წერს ფლინი.
აცნობისთვის, მაიკლ ფლინი 2017 წლის იანვარში დაინიშნა დონალდ ტრამპის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მან ამ თანამდებობაზე სულ 22 დღე გაატარა. 2017 წლის თებერვალში მან თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფლინმა განზრახ იცრუა მისი და აშშ-ში რუსეთის ელჩის, სერგეი კისლიაკის საუბრის შინაარსის შესახებ და შეცდომაში შეიყვანა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.