დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC News-ი გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები აქვს.
NBC News-ის ინფორმაციით, მიულერის გუნდი მუშაობდა მასალებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ფულის გათეთრების ფაქტებს, ფედერალური აგენტებისათვის ცრუ ჩვენებების მიცემის შემთხვევებს და ფლინის როლს გეგმაში, რომელიც მილიონობით დოლარის სანაცვლოდ, თურქეთის პრეზიდენტის ოპონენტის გადაცემას ითვალისწინებდა.
მედიის ცნობით, ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერის, პოლ მანაფორტის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორმა მიულერმა ზეწოლა მაიკლ ფლინის წინააღმდეგ განსაკუთრებით გაზარდა.
ფლინი ტრამპის მრჩევლად 24 დღის განმავლობაში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი კავშირის შესახებ რუს დიპლომატთან, რომელიც ფლინმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს დაუმალა, ის დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.