დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში აცხადებენ, რომ მათზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და ჰაკერულ თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში აცხადებენ, რომ მათზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და ჰაკერულ თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ. როგორც აღინიშნა, თავდასხმის სამიზნე შიდა კომუნიკაციებია.
განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც გამოცემა „პოლიტიკომ“ დაწერა, რომ ივლისში ანონიმური წყაროსგან მიიღეს ელექტრონული წერილები, რომლებშიც ავთენტური დოკუმენტები იყო ატვირთული ტრამპის კამპანიის შიდა საქმიანობასთან დაკავშირებით და, მათ შორის, მოიცავდა ანგარიშს ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის, ჯეი დი ვენსის „პოტენციური მოწყვლადობის“ შესახებ.
„ეს დოკუმენტები უკანონოდ არის მოპოვებული აშშ-ის მიმართ მტრულად განწყობილი უცხოური წყაროების მიერ, 2024 წლის არჩევნებში ჩარევისა და ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ქაოსის დათესვის მიზნით“, – განაცხადა ტრამპის კამპანიის პრესსპიკერმა, სტივენ ჩუნმა.
ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ „თრუსში“ დაწერა, რომ Microsoft-მა (MSFT.O) აცნობა მის კამპანიას, რომ ირანმა დაჰაკა მათი ერთ-ერთი გვერდი. ტრამპმა ირანი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „მათ მხოლოდ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის“ მოპოვება შეძლეს. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ტრამპის კამპანია „მაიკროსოფთის“ მკვლევრების მიერ პარასკევს გავრცელებულ ანგარიშს ეყრდნობა, რომელშიც საუბარია, რომ ივნისში ირანის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერები აშშ-ის პრეზიდენტობის კამპანიის მაღალი რანგის პირების ანგარიშის გატეხვას შეეცადნენ. როგორც მედია წერს, ჰაკერებმა შეძლეს ყოფილი პოლიტიკური მრჩევლის ანგარიშში შეღწევა და შემდეგ ის სხვა ოფიციალური პირების ანგარიშშზე თავდასხმისთვის გამოიყენეს.