დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი ბრიტანეთის „ლეიბორისტულ პარტიას“ აშშ-ის არჩევნებში კამალა ჰარისის სასარგებლოდ ჩარევაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტულ პარტიას“ აშშ-ის არჩევნებში კამალა ჰარისის და ტიმ უოლცის სასარგებლოდ ჩარევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ტრამპის საარჩევნო შტაბმა ფედერალურ საარჩევნო კომისიას შესაბამისი საჩივრით მიმართა, რომელშიც მოყვანილია მედიაში გავრცელებული ცნობები „ლეიბორისტულ პარტიასა“ და ჰარისის საარჩევნო შტაბის კონტაქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, საჩივარში საუბარია იმაზე, რომ გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტულ პარტიასთან“ დაკავშირებული პირები იმყოფებოდნენ აშშ-ში კამალა ჰარისის მხარდამჭერი კამპანიისთვის. როგორც ტრამპის გუნდი მიიჩნევს, ეს ცნობები ქმნის საფუძვლიან დასკვნას, რომ „ლეიბორისტულმა“ პარტიამ გააკეთა, ხოლო ჰარისის შტაბმა მიიღო, უკანონო უცხოური კონტრიბუციები.
რესპუბლიკელების შტაბის წერილში ნახსენებია ასევე სოციალურ ქსელ LinkedIn-ში „ლეიბორისტული პარტიის“ თანამშრომლის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიის 100-მდე მოქმედი და ყოფილი წევრი მიემართება აშშ-ის მერყევ შტატებში. განცხადებაში „ლეიბორისტული პარტიის“ ოპერაციების ხელმძღვანელი სოფია პატელი აღნიშნავდა, რომ თავისუფალია კიდევ 10 ადგილი და რომ პარტია უზრუნველყოფდა საცხოვრებელს. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს პოსტი სავარაუდოდ წაშლილია.
როგორც „ბიბისი“ „ლეიბორისტული პარტიის“ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, „ლეიბორისტული პარტიის“ აქტივისტების აშშ-ში გამგზავრება პარტიის მიერ ორგანიზებული ან დაფინანსებული არ არის.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა „ბიბისის“ განუცხადა, რომ მსგავსი რამ წინა არჩევნების დროსაც მოხდა.
„„ლეიბორისტულ პარტიას“ ჰყავს მოხალისეები, ისინი ყოფილან ძალიან ბევრ არჩევნებზე. ისინი ამას თავისუფალ დროს აკეთებენ როგორც მოხალისეები. ვფიქრობ, ისინი იქ სხვა მოხალისეებთან რჩებიან“, – აღნიშნა სტარმერმა მედიასთან საუბრისას.
სტარმერმა უარყოფითად უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა, რომ ამ უთანხმოებამ საფრთხე შეუქმნას მის ურთიერთობებს დონალდ ტრამპთან. მან აღნიშნა, რომ გასულ თვეს მას ნიუ იორკში ტრამპთან „ტრამპ თაუერში“ ვახშამი ჰქონდა.
„ჩვენ გვქონდა კარგი, კონსტრუქციული დისკუსია და რა თქმა უნდა, როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, მე ვიმუშავებ იმასთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევთ თავიანთ პრეზიდენტად არჩევნებზე, რომელიც ძალიან ახლოსაა“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
ფედერალური საარჩევნო კომისიის წესების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, იმუშაონ საარჩევნო კამპანიის დროს მოხალისეებად იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის ანაზღაურებას არ იღებენ.