დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი - ჰანტერ ბაიდენის სასამართლო პროცესი სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების გადატანა ჯო ბაიდენის დანაშაულებრივი ოჯახის რეალური დანაშაულებებიდან
ეს სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების გადატანა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს.
„ეს სასამართლო პროცესი სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების გადატანა ბაიდენის დანაშაულებრივი ოჯახის რეალური დანაშაულებებიდან. Ამ ოჯახმა ჩინეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ათობით მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თაღლითი ჯო ბაიდენის მიერ კრიმინალური იმპერიის ხელმძღვანელობა 5 ნოემბერს დასრულდება და ბაიდენი ვერასდროს გაყიდის მთავრობაზე წვდომას პირადი სარგებლისთვის“, – აღნიშნულია ტრამპის საარჩევნო კამპანიის ეროვნული პრესმდივნის, კაროლაინ ლევიტის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი ნაფიც მსაჯულებმა სამივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
ბრალდების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2018 წელს, „კოლტის“ ტიპის რევოლვერის ყიდვისას ოფიციალური დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას აღარ მოიხმარდა. კიდევ ერთი ბრალდება უკავშირდება პრეზიდენტის შვილის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია. ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება.