დონალდ ტრამპის მოთხოვნების გამო, ნატო-ს სამიტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა
გავრცელებული ინფორმაციით, ნატო-ს სამიტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაყენებული მოთხოვნის გამო, რომელიც თავდაცვის ხარჯების გაზრდას ეხება.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბრიუსელიდან იუწყება, სხდომა ავღანეთის თემაზე ერთი საათის წინ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ნატო-ს ლიდერები იმ დარბაზიდან, სადაც ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივი შეხვედრა შედგა, ამ დრომდე არ გამოსულან.
არსებული ინფორმაციით, გადაიდო სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა. პრესა ნატო-ს წარმომადგენლებისგან განმარტებებს ელოდება.
ბრიუსელში დაგეგმილ სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკმაოდ კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ნატო-ს წევრებს სამხედრო ხარჯების გამო აკრიტიკებდა. ტრამპს ნატო-ს წევრი რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერმა უპასუხა.
გუშინ ბრიუსელში მყოფმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის ხარჯების თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და ამ კონტექსტში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გააკრიტიკა.
თავდაცვის ხარჯებზე ტრამპმა და მერკელმა მოგვიანებით გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს.