დონალდ ტრამპის ადვოკატი -კიმ ჩენ ინი მუხლებზე დაჩოქილი იხვეწებოდა, რომ სინგაპურის სამიტი არ გაუქმებულიყო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „მუხლებზე დაჩოქილი“ იხვეწებოდა, რომ სინგაპურში დაგეგმილი სამიტი არ გაუქმებულიყო. ამის შესახებ ჯულიანიმ ისრაელში, კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ფხენიანს უკან დახევა სწორედ დონალდ ტრამპის მტკიცე პოზიციამ აიძულა.
„კიმ ჩენ ინი კვლავ დაეცა მუხლებზე და დაიწყო ხვეწნა“, – ციტირებს როდი ჯულიანის სიტყვებს გამოცემა The Wall Street Journal-ი.
დონალდ ტრამპმა აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის გაუქმების შესახებ მაისში განაცხადა, მიზეზად კი ჩრდილოეთ კორეის აგრესiული და მტრული განცხადებები დაასახელა. თუმცა კიმ ჩენ ინის მიერ დონალდ ტრამპისადმი მიწერილი წერილის შემდეგ, აშშ-ის პრეზიენტმა პოზიცია შეცვალა და სინგაპურის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების განახლების შესახებ განაცხადა.
ჩრდილოეთ კორეაში დონალდ ტრამპის ადვოკატის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სინგაპურში 12 ივნისს გაიმართება.