დონალდ ტრამპი - ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ახლანდელი ადმინისტრაციის დროს წარმოიშვა, ერთი სატელეფონო ზარით დავასრულებ
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი საერთაშორისო კრიზისების დასრულების პირობას დებს.
ამის შესახებ მან რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე განაცხადა, სადაც კანდიდატად ოფიცილაურად წარადგინეს.
საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ტრამპმა პირობა დადო, რომ დაასრულებს „ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ახლანდელი ადმინისტრაციის დროს წარმოიშვა“.
მისი თქმით, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინის, ასევე ისრაელ-„ჰამასის“ ომი საერთოდ არ მოხდებოდა.
„ამ ომებს სატელეფონო ზარით გავაჩერებ“, – განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საერთაშორისო კონფლიქტების გამო გააკრიტიკა.
„არსებობს საერთაშორისო კრიზისი, რომლის მსგავსიც მსოფლიოში იშვიათად ყოფილა. ომი მძვინვარებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, იზრდება კონფლიქტის სპექტრი ტაივანში, კორეაში, ფილიპინებსა და მთელ აზიაში“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა ტყვეობაში მყოფ ამერიკელებზე.
„გვსურს, ჩვენი მძევლების დაბრუნება და აჯობებს, ისინი იქამდე დაბრუნდნენ, ვიდრე ოფისს დავიკავებ, თუ არა, დიდი საზღაურის გადახდა მოგიწევთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.