დონალდ ტრამპი – ყალბი ახალი ამბების მედია ავრცელებს ცრუ ჭორებს, მე უაღრესად კმაყოფილი ვარ სამუშაოთი, რომელსაც პიტ ჰეგსეტი ასრულებს, ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდის

21:58, 06.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პიტ ჰეგსეტის მუშაობით უაღრესად კმაყოფილია და უარყოფს, რომ საბრძოლო მასალების დეფიციტის საკითხზე მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა.

„როგორც ყოველთვის, ყალბი ახალი ამბების მედია ავრცელებს ცრუ და სრულიად უსაფუძვლო ჭორებს. მე უაღრესად კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელსაც პიტ ჰეგსეტი ასრულებს. ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდის, მათ შორის, ჩვენი შეტევა ვენესუელაზე, სადაც შედეგი ერთ დღეზე ნაკლებ დროში იყო მიღწეული, რამაც საშუალება მოგვცა, მართლმსაჯულების წინაშე წარგვედგინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალი – ნიკოლას მადურო! ანალოგიურად, ირანთან დაკავშირებითაც, სადაც ქვეყანა განადგურებულია, რათა მას არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ტრამპმა ჰეგსეტს „ძალიან პატივსაცემი“ თავდაცვის მდივანი უწოდა და აღნიშნა, რომ სრული ნდობა აქვს მის მიმართ.

„ეს ჭორი გაავრცელა „ვაშინგტონ პოსტმა“ – ერთ-ერთმა ყველაზე ცუდმა მედიასაშუალებამ ამ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ვუთხარით, მათი ისტორია სრულიად მცდარია. სინამდვილეში მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მათი ეს ყალბი „რეპორტაჟი“ ღალატია!“ – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მანამდე „სიენენმა“ და „როიტერმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-მა მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების რაკეტების მარაგი ფაქტობრივად ამოწურა. საპასუხოდ, აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები და აღნიშნა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მსგავსი