დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ჩემი შეხვედრა არც თუ ისე შორეულ მომავალში შედგება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან სავარაუდოდ ჰელსინკიში, 11-12 ივლისს დაგეგმილი ნატო-ს სამიტის შემდეგ გაიმართება. ტრამპის განცხადებას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„როგორც ჩანს, ჩვენი შეხვედრა სავარაუდოდ არც თუ ისე შორეულ მომავალში შედგება. მე უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთთან, ჩინეთთან და ყველასთან ურთიერთობების დალაგება ძალიან კარგია. ეს კარგია მსოფლიოსთვის, კარგია ჩვენთვის და კარგია ყველასთვის. ასე რომ, შევხვდებით სადმე ევროპაში ჩემი ვიზიტის განმავლობაში. ეს ჯერ არ გადაწყვეტილა“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის რუსეთის პრეზიდენტთან სხვა საკითხებთან ერთად სირიისა დ უკრიანის საკითხებს განიხილავს.
„ვფიქრობ, ჩვენ ვისაუბრებთ სირიაზე, უკრაინაზე, ვფიქრობ ვისაუბრებთ ბევრ სხვა საკითხზე და ვნახოთ, რა მოხდება. არასდროს იცი, რა მოხდება შეხვედრებზე. თუმცა ვფიქრობ ადამიანებთან შეხვედრებით შეიძლება ძალიან ბევრი კარგი რამ მოხდეს. შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინ პინთან. სადაც არ ვყოფილვარ, შესანიშნავი შეხვედრები გვქონია. ასე რომ, შეიძლება, რამე პოზიტიური გამოვიდეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტების წინაშე საუბრისას.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დრო და თარიღი ოფიციალურად დღეს უნდა გამოცხადდეს.