დონალდ ტრამპი - ვაპირებ, ვიყო პრეზიდენტი მთელი ამერიკისთვის და არა მისი ნაწილისთვის
ვაპირებ, ვიყო პრეზიდენტი მთელი ამერიკისთვის და არა მისი ნაწილისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ქალაქ მილუოკიში განაცხადა, სადაც ის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა.
დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის დასკვნით დღეს საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„ამ საღამოს მე ვარ თქვენ წინაშე თავდაჯერებულობის, ძალის და იმედის გზავნილით. ოთხი თვის შემდეგ ჩვენ გვექნება წარმოუდგენელი გამარჯვება და ერთად დავიწყებთ ახალ ეპოქას. ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა აღმოიფხვრას. მე ვაპირებ, ვიყო მთელი ამერიკის პრეზიდენტი და არა ამერიკის ნახევრის, რადგან გამარჯვება არ არის ის, რომ ნახევარი ამერიკა მოიგო. ასე რომ დღეს, რწმენითა და ერთგულებით, მე ამაყად ვიღებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატურას“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიხსენა პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განხორციელებული თავდასხმა და ხაზი გაუსვა, რომ ღმერთი მის მხარესაა.
„ბევრმა ადამიანმა მკითხა, რა მოხდა? გთხოვ, გვითხარი რა მოხდაო. გეტყვით, ზუსტად რა მოხდა და მეორედ ამას აღარ გავიმეორებ, რადგან ამის თქმა ძალიან მტკივნეულია. ჩემ უკან იყო დიდი ეკრანი, რომელიც აჩვენებდა საზღვრის გადაკვეთის სქემას ჩემი ხელმძღვანელობით. დიაგრამის სანახავად დავიწყე მარჯვნივ შემობრუნება და ძალიან გამიმართლა, რომ ეს ბოლომდე არ გავაკეთე. სწორედ ამ დროს ხმა გავიგე და ვიგრძენი, რომ რაღაცამ ძალიან, ძალიან ძლიერად დამარტყა მარჯვენა ყურზე, ჩემს თავს ვუთხარი: „ეს რა იყო? ეს შეიძლება მხოლოდ ტყვია ყოფილიყო“ და მარჯვენა ხელი ყურთან მივიტანე. ჩემი ხელი სისხლით იყო დაფარული, უბრალოდ, სრულიად სისხლიანი იყო. მაშინვე მივხვდი, რომ ეს რაღაც ძალიან სერიოზული იყო, რომ ჩვენზე თავდასხმა მოხდა. საოცარი ის არის, ბოლო მომენტში თავი რომ არ გამეწია, მკვლელის ტყვია მომხვდებოდა და ამაღამ აქ არ ვიქნებოდი. ჩვენ ერთად არ ვიქნებოდით. ტყვიები დაფრინავდნენ ჩვენს თავზე. შემდეგ კი ეს ყველაფერი შეჩერდა. ჩვენი საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა გაცილებით შორი მანძილიდან და მხოლოდ ერთი ტყვიით გაანეიტრალა მკვლელი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.