დონალდ ტრამპი - თურქეთი და სხვა ქვეყნები იმედგაცრუებულები არიან ემანუელ მაკრონის მიერ ნატო-ზე გაკეთებული განცხადების გამო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თურქეთი და სხვა ქვეყნები იმედგაცრუებულები არიან ემანუელ მაკრონის მიერ ნატო-ს შესახებ გაკეთებული განცხადების გამო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რეჯეფ ტაიფ ერდორანთან შეხვედრისას ოვალურ კაბინეტში განაცხადა.
ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თურქეთის გარდა, რომელი ქვეყანა იყო იმედგაცრუებული მაკრონის განცხადებების გამო.
„ძალიან მალე ნატო-ს დიდი შეხვედრა გვექნება. ვფიქრობ, მე ამის თქმა შემიძლია, რადგან სხვებმა იციან და ბევრი ადამიანი ამავეს გრძნობს, ისინი ძალიან იმედგაცრუებულები არიან და ის (პრეზიდენტი ერდოღანი) ძალიან იმედგაცრუებული იყო საფრანგეთის მიერ ვალდებულებებთან და ნატო-სთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. ეს იყო დიდი განცხადება, რომელიც საფრანგეთის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთდა. ასე რომ, ვფიქრობ, ამან პრეზიდენტი ძალიან შეაწუხა. არ მგონია, რომ ეს ამის გამო ძალიან ბედნიერი იყო. ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ამავეს გრძნობს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თეთრ სახლში ვიზიტით მყოფმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემანუელ მაკრონის განცხადებას მიუღებელი უწოდა.
გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოცემა „ეკონომისტისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ნატო-ს ტვინი კვდება“ და ამის მიზეზებს შორის კოორდინაციის არარსებობა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ-ის არაპროგნოზირებადობა დაასახელა. მან ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ნატო-ს უსაფრთხოების პრინციპი, რომლის თანახმადაც, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განხილულია, როგორც მთელ ალიანსზე თავდასხმა.