დონალდ ტრამპი – სიკვდილით დასჯას აღვადგენთ მათთვის, ვინც პოლიციელს ან სამართალდამცავ ორგანოებში მყოფ ნებისმიერ პირს მოკლავს, იგივე მოხდება მეხანძრეებზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის პოლიციელების მკვლელებისთვის სიკვდილით დასჯას აღადგენს.
„სიკვდილით დასჯას აღვადგენთ მათთვის, ვინც პოლიციელს ან სამართალდამცავ ორგანოებში მყოფ ნებისმიერ პირს მოკლავს, იგივე მოხდება მეხანძრეებზე. ვინც მეხანძრეს კიბეზე ასვლისას ესვრის, სიკვდილით დასჯიან. კარგია, თუ ამის გაკეთება შეგვიძლია. ეს დიდი ამბავია. ნახავთ, რომ სროლა ძალიან სწრაფად შეწყდება“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების შედინება შემცირდა, რასთან დაკავშირებითაც ის მექსიკასთან თანამშრომლობს. თეთრი სალხის ლიდერის თქმით, მექსიკას ახლა ნარკოკარტელები მართავენ.
„ოკეანით, ზღვით შემომავალი ნარკოტიკების რაოდენობა 97 პროცენტით შემცირდა და ჩვენ არ გვესმის, რატომ არ არის ეს 100 პროცენტით. ჩვენ ვთანამშრომლობთ მექსიკასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, კარტელები მართავენ მექსიკას. ამას მექსიკის პრეზიდენტსაც ვეუბნები. ის უკმაყოფილოა. ის შესანიშნავი ქალია, მშვენიერი ქალი, მაგრამ კარტელები მართავენ მექსიკას“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის „წინააღმდეგობრივი პიროვნება“ არ არის. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი წინააღმდეგობრივი პიროვნება, შესაძლოა, ტეხასის შტატიდან სენატის კანდიდატი კენ პაქსტონი იყოს, თავად კი, პირიქით, „ძალიან ბედნიერი“ პიროვნებაა.
„მისმინეთ, კენ პაქსტონი ისეთი ადამიანია, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვა, ზოგიერთი ადამიანისთვის წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. მე წინააღმდეგობრივი ადამიანი არ ვარ, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.