„შვედ ხალხს ძალიან მოვწონვარ“, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლევენის თეთრ სახლში ვიზიტისას გააკეთა.
აშშ-ისა და სხვა ქვეყნების სავაჭრო განსხვავებებზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ შვედეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრესიული ინვესტორია და მათ ის ხიბლავთ, რომ „ბაზრის მაჩვენებელმა ჩემი არჩევის შემდეგ 40 პროცენტით აიწია“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლის თანამშრომლებს შორის ცვლილებები მოსალოდნელია.
„ყველას სურს, თეთრ სახლში იმუშაოს. ყველას უნდა, ოვალურ კაბინეტში პატარა ადგილი. სურთ, დასავლეთ ფრთის ნაწილები იყვნენ“, – აღნიშნა ტრამპმა, თუმცა რა სახის ცვლილებებზეა საუბარი, არ დაუკონკრეტებია.
რესპუბლიკელი პრეზიდენტის პოსტზე მოსვლის შემდეგ, თეთრი სახლის არაერთმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა უკვე დატოვა.