დონალდ ტრამპი - სახლში უნდა წახვიდეთ, პატივი უნდა ვცეთ კანონისა და წესრიგის დამცველ ხალხს, არ გვსურს, რომ ვინმე დაშავდეს
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერში“ ვიდეომიმართვით გამოეხმურა.
დონალდ ტრამპი დემონსტრანტებს მოუწოდებს, სახლებში დაბრუნდნენ და მშვიდობა შეინარჩუნონ. მისი თქმით, მოპარული არჩევნების მიუხედავად, მათ უნდა შეინარჩუნონ კანონი და წესრიგი, რათა არავინ დაშავდეს.
„ახლა სახლში უნდა წახვიდეთ, ჩვენ მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ კანონისა და წესრიგის დამცველ ხალხს. არ გვსურს, რომ ვინმე დაშავდეს. ეს ძალიან რთული დროა. ამის მსგავსი დრო, როდესაც ჩვენ ყველას, მე, თქვენ, ჩვენ ქვეყანას არჩევნები წაგვართვეს, არ გვინახავს. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, თუმცა ამ ხალხს ხელს ვერ შევუწყობთ. ჩვენ მშვიდობა უნდა გვქონდეს“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ მიკრობლოგმა „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას გადაზიარებისა და მოწონების ფუნქცია გაუთიშა, როგორც ძალადობის რისკის შემცველ განცხადებას.
„ტვიტერის“ განმარტებაში, რომელიც ტრამპის ვიდეომიმართვის ქვეშ არის დართული აღნიშნულია, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრება არის სადავო.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა.
ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.