დონალდ ტრამპი - სადეზინფექციო ხსნართან დაკავშირებით კომენტარი სარკაზმი იყო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, სადეზინფექციო ხსნარის კორონავირუსის საწინააღმდეგო ინექციისთვის გამოყენების შესახებ მის მიერ გაკეთებული კომენტარი სარკაზმი იყო.
„ჩემი ეს კითხვა, რომელიც რეპორტიორებს დავუსვი, სარკაზმი იყო. მაინტერესებდა, რა მოხდებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, სადეზინფექციო ხსნარის ხელზე გამოყენება „ეფექტურია“, თუმცა ინექციისთვის არა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა ვარაუდი, ხომ არ შეიძლება, რომ „სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც კორონავირუსს ერთ წუთში კლავს, ინექციის სახით იყოს გამოყენებული ინფიცირებულ პაციენტებში“. ამავე ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა გამოთქვა ასევე ვარაუდი, რომ ინფიცირებულების მკურნალობა შესაძლოა, ეფექტიანი იყოს ულტრაიისფერი შუქის ან ძლიერი სხივის გამოყენებით.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა და ექიმების კრიტიკა მოჰყვა.
სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელმა კომპანიებმა კი გააფრთხილეს მომხმარებლები, რომ მათი პროდუქცია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვისაა.