დონალდ ტრამპი - რუსეთთან შეთქმულება დემოკრატების მიერ შექმნილი სიცრუე იყო
აშშ-ის პრეზიდენტის გუნდმა სპეციალურ პროკურორ რობერტ მიულერს, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს, საერთო ჯამში 1,4 მილიონამდე გვერდის მოცულობის დოკუმენტაცია გადასცა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრ, შინზო აბესთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
“რუსეთთან არავითარი შეთქმულება არ არის. ეს დემოკრატების მიერ შექმნილი სიცრუე იყო, რომლითაც სურდათ შეერბილებინათ წაგება” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პროკურორმა რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის 2015 წლის პირველი ნოემბრის შემდგომი პერიოდით დათარიღებული წერილებისა და დოკუმენტების წარდგენა მარტის დასაწყისში მოითხოვა. ასევე ტრამპის ცხრა უახლოესი მრჩევლის მიმოწერაც, მათ შორის ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტისა და ყოფილ სტრატეგის სტივენ ბენონის.
გამოძიება აპირებს შეისწავლოს, ყველა ელექტრონული და ხელით ნაწერი წერილი, ასევე სატელეფონო ზარებთან დაკავშირებული დოკუმენტები და ჩანაწერები. რობერტ მიულერი არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოსაძიებლად სპეციალურ პროკურორად 2017 წლის მაისში დანიშნეს.