დონალდ ტრამპი - რუსეთში შეწყვეტილმა ამბოხმა პუტინი გარკვეულწილად დაასუსტა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთში შეწყვეტილმა ამბოხმა ვლადიმერ პუტინი გარკვეულწილად დაასუსტა. აღნიშნული განცხადება ტრამპმა „როიტერთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„შეიძლება ითქვას, რომ პუტინი ჯერ კიდევ არსებობს, ის ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ ის ნამდვილად იყო, ვიტყოდი, გარკვეულწილად დასუსტებული მაინც ბევრი ადამიანის გონებაში. თუმცა, პუტინი რომ აღარ ყოფილიყო ხელისუფლებაში, თქვენ არ იცით, რა არის ალტერნატივა. ეს შეიძლება, იყოს უკეთესი, მაგრამ შეიძლება, იყოს ბევრად უარესი“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ კიევის მთავრობას, შესაძლოა, მოუწიოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა, რათა შეაჩეროს ომი.
„მინდა, რომ ხალხმა შეწყვიტოს სიკვდილი ამ სასაცილო ომის გამო“, – განუცხადა ტრამპმა „როიტერს“ სატელეფონო ინტერვიუში.
ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა არის დრო, როდესაც აშშ უნდა შეეცადოს, შუამავლობით მოაგვაროს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხი.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი „მოლაპარაკებას დაექვემდებარებოდა“, თუ აშშ-ის პრეზიდენტი თავად იქნებოდა, მაგრამ უკრაინელებმა, რომლებმაც ენერგიული ბრძოლა აწარმოეს თავიანთი მიწის დასაცავად, „დიდი კრედიტი დაიმსახურეს“.
„ვფიქრობ, მათ ექნებათ უფლება შეინარჩუნონ ბევრი რამ, რაც მათ გამოიმუშავეს და ვფიქრობ, რუსეთი ასევე დათანხმდება ამას. საჭიროა სწორი შუამავალი ან მომლაპარაკებელი და ჩვენ ის ახლა არ გვყავს“, – აღნიშნა ტრამპმა.