აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს მოსკოვსა და თეირანს, არ მიიღონ მონაწილეობა ქალაქ იდლიბზე ბაშარ ასადის თავდასხმაში, – ეს განცხადება ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ში დაწერა.
„რუსები და ირანელები სერიოზულ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ, თუ მონაწილეობას მიიღებენ პოტენციურ ადამიანურ ტრაგედიაში. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება მოკლან. არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს“, – განაცხადა ტრამპმა.
აგვისტოში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო განცხადება, რომელშიც იდლიბზე შეტევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა სირიის ხელისუფლებას. ჰუმანიტარული ორგანიზაციების თქმით, რეგიონში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სირიის არმიის საბრძოლო მოქმედებები ამ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის.
7 სექტემბერს ირანში დაგეგემილია სამმხრივი სამიტი, რომელზეც ირანი, რუსეთი და თურქეთი სირიაში კონფლიქტის დარეგულირებაზე იმსჯელებენ. საფრანგეთმა მოუწოდა სამიტის მონაწილეებს, მოახდინონ ზეწოლა პრეზიდენტ ასადზე, რათა მან იდლიბზე შეტევისგან თავი შეიკავოს.
იდლიბზე თავდასხმის წინააღმდეგ გამოდის გერმანიაც. ამ თემაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი 5 და 6 სექტემბერს თურქეთში ვიზიტისას იმსჯელებს.
2017 წლის სექტემბერში რუსეთი, ირანი და თურქეთი ასტანაში გამართული მოლპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ იდლიბში დეესკალაციის ზონა შეიქმნება, სადაც სიტუაციას თურქეთი გააკონტროლებს. ამჟამად, იდლიბი სირიის პრეზიდენტ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეების ბოლო დასაყრდენია.
მეამბოხეებსა და ასადის არმიას შორის კონფლიქტის სირიაში 2011 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. დაპირისპირებას ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. 5 მილიონი სირიელი იძულებული გახდა, სხვა ქვეყნებში გადახვეწილიყო.