აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის შეხვედრა შესთავაზა. ეს მოულოდნელი განცხადება ტრამპმა იტალიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, თეთრ სახლში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მზად ვარ, შევხვდე ყველას, რადგან მჯერა, შეხვედრას შედეგი მოაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.
ობამას ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ გაცილებით ხისტი პოლიტიკის მომხრეა. მაისში ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა. ბოლო ერთ წელიწადში ვაშინგტონმა შემსუბუქებული სანქციები აღადგინა და ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებიც დააწესა.
ისტორიული შეთანხმება, რომელიც ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მიღწევად იყო აღიარებული, დონალდ ტრამპისთვის ყოველთვის კრიტიკის სამიზნეს წარმოადგენდა. მის პოზიციას იზიარებს ისრაელის მთავრობა, განსხვავებით ევროკავშირისგან.
2015 წელს ვენაში საერთაშორისო ექვსეულსა და ირანს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, ირანმა ურანით გამდიდრება უნდა შეწყვიტოს, რის საფუძველზეც შეჩერდება ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა. სანაცვლოდ, დასავლეთი ირანს სანქციების ეტაპობრივად შემსუბუქებას დაპირდა. 2015 წლის ზაფხულში ბირთვულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთისა და თავად ირანის პირველმა დიპლომატებმა.