აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პირველად წარსდგა. მისი გამოსვლა შეეხო აშშ-ში ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებს, ასევე საგარეო პოლიტიკას, მიგრანტებსა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.
„დღეს მე თანამშრომლობის ხელს ვუწვდი ორივე პარტიის წევრებს – დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები მიუხედავად მათი წარსულისა, კანის ფერისა თუ რელიგიისა. ჩვენი და აქ მყოფი ყველა პოლიტიკოსის მოვალეობა ამერიკელების დაცვაა – მათი უსაფრთხოების, მათი ოჯახების, საზოგადოებების, მათი წილი ამერიკული ოცნების. რადგან ამერიკელებიც მეოცნებეები არიან“, – მიმართა კონგრესში შეკრებილებს ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ეს ჩვენი ახალი ამერიკული მომენტია. არასდროს ყოფილა უკეთესი დრო ამერიკული ოცნების რეალობად ქცევისთვის“.
რაც შეეხება ანტიტერორისტულ ღონისძიებებს, ტრამპის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციამ სირია და ერაყი ტერორისტებისგან თითქმის 100%-ით გაწმინდა.
ამასთან დაკავშირებით, ტრამპმა აღნიშნა რომ მან ახლახან ხელი მოაწერა გუანტანამოში დაკავების იზოლატორების გააქტიურების გადაწყვეტილებას.
„ცოტა ხნის წინ თავდაცვის მდივანს ჯეიმს მეტისს დავავალე, კიდევ ერთხელ შეისწავლოს სამხედრო პატიმრობის პოლიტიკა და გამოიყენოს გუანტანამოს იზოლატორები“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამერიკამ სრულად უნდა განაახლოს ბირთვული არსენალი. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა
კონგრესს, შეწყვიტოს თავდაცვის უწყებისთვის ბიუჯეტის შემცირება და სრულად დააფინანსოს აშშ-ის არმია.
რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის საკითხს, ტრამპმა აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციების შეცდომების გამეორებას არ აპირებს და რომ „ჩრდილოეთ კორეის უგუნური ლტოლვა ბირთვული რაკეტების მიმართ ამერიკას საფრთხეს ვერ შეუქმნის“.
ტრამპმა კონგრესს ასევე მოუწოდა, გადახედოს ირანთან შეთანხმების ფუნდამენტურ ხარვეზებს და აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ მკაცრი სანქციები დაუწესა კუბისა და ვენესუელის მთავრობებს.
ტრამპი შეეხო გადასახადების შემცირების რეფორმასაც.
„მას შემდეგ რაც გადასახადების რეფორმა გავაკეთეთ, სამმა მილიონმა მუშამ უკვე მიიღო ბონუსები“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არჩევნების შემდეგ 2,4 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს, მათ შორის მხოლოდ 200 000 წარმოების სფეროში.
ტრამპი ქვეყანაში ნარკომანიის პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა გამკაცრდეს ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ პოლიტიკა.
ტრამპის გამოსვლა საათის, 20 წუთისა და 30 წამის განმავლობაში გაგრძელდა. სიტყვა მას აპლოდისმენტებით 111-ჯერ შეაწყვეტინეს.