დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს საჩუქრად ელტონ ჯონის სიმღერის ჩანაწერს გადასცემს
დონალდ ტრამპს კიმ ჩენ ინისთვის „პატარა საჩუქარი“ აქვს მომზადებული. CNN-თან საუბრის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ელტონ ჯონის სიმღერის Rocket Man ჩანაწერი უნდა გადასცეს.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, გასულ კვირას ფხენიანში ვიზიტის დროს მაიკ პომპეოს CD ჩანაწერი წაღებული ჰქონდა და კიმ ჩენ ინისთვის უნდა გადაეცა. თუმცა როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა. პომპეომ კიმ ჩენ ინისთვის განკუთვნილი საჩუქარი თეთრი სახლის ლიდერს უკან დაუბრუნა.
The Shosun Ildo-ის ცნობით, სინგაპურში სამიტის დროს გამართულ ლანჩზე დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ელტონ ჯონის სინგლ Rocket Man-ზე ისაუბრეს. სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, საუბრის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გასულ წელს, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა, როდესაც ბირთვული და ბალისტიკური რაკეტის ცდების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს Rocket Man, ანუ „ადამიანი რაკეტა“ უწოდა.
CNN-ის ცნობით, ლანჩზე გამართული საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ კიმ ჩენ ინმა არ იცოდა, საიდან მომდინარეობდა მისი ზედმეტსახელი. ამასთან, მას არც ელტონ ჯონის შესახებ სმენია რაიმე. სწორედ ამიტომ, სინგაპურში გამართული ისტორიული სამიტის შემდეგ, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინისთვის ელტონ ჯონის სინგლის ჩუქება გადაწყვიტა.