დონალდ ტრამპი კამალა ჰარისთან დებატებზე „ფოქს ნიუსის“ შეთავაზებას დათანხმდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატებზე „ფოქს ნიუსის“ შეთავაზებას დათანხმდა.
როგორც ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ჰარისთან დებატები 4 სექტემბერს გამართოს.
„დავთანხმდი „ფოქს ნიუსს“, მქონდეს დებატები კამალა ჰარისთან 4 სექტემბერს. მანამდე, დებატები ჩანიშნული იყო მძინარე ჯო ბაიდენის წინააღმდეგ ABC-ზე, თუმცა ეს გაუქმდა, რადგან ბაიდენი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ასევე ვაწარმოებ სასამართლო პროცესს ABC Network-ისა და ჯორჯ სტეფანოპულოსის წინააღმდეგ, რითაც ვქმნი ინტერესთა კონფლიქტს“, – წერს ტრამპი.
მისი განცხადებით, დებატების წესები არ შეიცვლება და იქნება მსგავსი, როგორც ჯო ბაიდენთან იყო, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ახლა აუდიტორია დაესწრება.
„დებატების წესები იქნება მსგავსი, რაც იყო მძინარე ჯოსთან, რომელსაც საკუთარი პარტია ცუდად მოექცა. თუმცა, აუდიტორიის დასწრებით“, – აღნიშნავს ტრამპი.
მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა აღნიშნა, რომ ის დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მზადაა.
ცნობისთვის, „ფოქს ნიუსმა“ დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს დებატები 17 სექტემბერს შესთავაზა. კამალა ჰარისს არ დაუკონკრეტებია, დათანხმდება, თუ არა შეთავაზებას.