დონალდ ტრამპი - ისინი, ვინც ირანთან ბიზნესში არიან ჩართულები, ამერიკულ ბიზნესს უნდა დაემშვიდობონ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ისინი ვინც ირანთან ბიზნესსაქმიანობაში არიან ჩართულები, ამერიკელ ბიზნესთან თანამშრომლობას ვერ შეძლებენ. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა Twitter-ით გაავრცელა.
„ირანის სანქციები ძალაში შევიდა. ეს არის ყველაზე უფრო მკაცრი სანქციები, რაც ოდესმე დაწესებულა და ნოემბერში შეზღუდვები ახალ საფეხურს მიაღწევს. ყველა, ვინც ირანთან აწარმოებს ბიზნესს, ამერიკულ ბიზნესთან თანამშრომლობას ვერ შეძლებს. ვითხოვ მსოფლიოში მშვიდობას, მეტს არაფერს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა ამოქმედების ბრძანებას ხელი 6 აგვისტოს მოაწერა. პირველ ეტაპზე შეზღუდვები შეეხება საავტომობილო ბიზნესს და ძვირფასი ლითონებით ვაჭრობას.
ევროკავშირში უკვე გამოთქვეს მწუხარება ტრამპის ამ გადაწყვეტილების გამო. 7 აგვისტოს კი ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ირანთან ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ ევროპულ კომპანიებს, აშშ-ის სანქციებისგან დაიცავს.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში არაერთხელ განაცხადეს, რომ ირანთან საქმიან ურთიერთობებში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ ვაშინგტონი სანქციებს დააწესებს.