დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოცილურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი, პიტერ სტრჟოკი გაათავისუფლა, რომელიც აღნიშნულ გამოძიებას ხელმძღვანელობდა და დაამატა, რომ საქმე ხელახლა უნდა გამოიძიონ.
„ახლახან გავათავისუფლე FBI-ის აგენტი, პიტერ სტრჟოკი. ის ჰილარი კლინტონის საქმეს ხელმძღვანელობდა. ეს ამერიკელების მოტყუება იყო, ამიტომ აუცილებელია, საქმე ხელახლა გამოიძიონ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც მის მეგობარ გოგონასთან, ასევე FBI-ის აგენტთან არსებული პირადი მიმოწერა გასაჯაროვდა. ცნობილი გახდა, რომ წყვილი დონალდ ტრამპის შესახებ ხშირად ნეგატიურად საუბრობდა. „ჩვენ მას შევაჩერებთ.“ ასეთი იყო აგენტის ერთ-ერთი პირადი წერილი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას გულისხმობდა.
ამასთან, ორივე აგენტი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა. რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარი კონკურენტი იყო.
ჰილარი კლინტონი 2009-2013 წლებში, სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის დროს სამსახურებრივ მიმოწერას პირადი ელექტრონული ფოსტით ახორციელებდა. ეს კი აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, უსაფრთხოების მიზნით აკრძალულია.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფედერალურმა ბიურომ გამოძიება 2015-2016 წლებში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩაატარა.
FBI საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის ფაქტებს იძიებდა, თუმცა გამოძიების შედეგად აგენტებმა ამის დამამტკიცებელ საბუთებს ვერ მიაგნეს.