დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონის ელექტრონულ ფოსტაზე ჩინეთის მხრიდან თავდასხმის გამოძიებას ითხოვს
დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალურ ბიუროს და იუსტიციის დეპარტამენტს ჰილარი კლინტონის პირად ელექტრონულ ფოსტაზე ჩინეთის მხრიდან თავდასხმის გამოძიებას თხოვს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სოციალური ქსელის, Twitter-ის საშუალებით განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერის აზრით, თუ FBI და იუსტიციის დეპარტამენტი აღნიშული საქმეს არ გამოიძიებენ, მათი ავტორიტეტი სამუდამოდ განადგურდება.
„ჰილარი კლინტონის პირადი მიმოწერა, რომელთა უმეტესობა სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა, ჩინეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა. უმჯობესი იქნება, თუ გამოძიების ფედერალური ბიურო და იუსტიციის დეპარტამენტი ამ საქმეს მიხედავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა წარუმატებელი ფაქტის შემდეგ (ჯეიმს კომი, ენდრიუ მაკკეიბი, პიტერ სტრჟოკი, ლისა პეიჯი)მათი ავტორიტეტი სამუდამოდ განადგურდება“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა Twitter-ის საშუალებით.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის დროს, ჩინურმა კომპანიებმა მისი პირადი სერვერი გატეხეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ აშშ-ის პირველი დიპლომატის კორესპოდენციაზე სრული წვდომა ჰქონდათ მოპოვებული. აღნიშნული ინფორმაცია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Daily Caller-მა გამოაქვეყნა. წყარო მიუთითებდა, რომ ჩინური კომპანიების თავდასხმის ფაქტები საგამოძიებო ოპერაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია იყო.
ჰილარი კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტს 2009-2013 წლებში იკავებდა. ამ ხნის განმავლობაში პირველი დიპლომატი სამსახურეობრივ მიმოწერას პირადი ელექტრონული ფოსტით აწარმოებდა. 2015-2016 წლებში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გაჟონვისა და კლინტონის ბრალეულობის დასადგენად, გამოძიება ჩაატარა. თუმცა FBI-მ სახელმწიფო მდივნის ბრალეულობის დამადასტურებელი საბუთები ვერ იპოვა.