ვფიქრობ, ღმერთის წყალობა იყო, რომ დავინფიცირდი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპმა სოციალურ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და ეს ექსპერიმენტული წამლის Regeneron-ის დამსახურებაა.
„მე დავინფიცირდი და გავიგე ამ წამლის შესახებ. სურვილი გამოვთქვი, მიმეღო. ეს ჩემი მოთხოვნა იყო და ამ პრეპარატმა შესანიშნავად იმუშავა. ვფიქრობ, რომ არ დავინფიცირებულიყავი , ჩვენ ამ წამალს ისე შევხედავდით, როგორც ათობით სხვა მედიკამენტს, მაგრამ ის მართლა ფანტასტიურად მუშაობს. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოდან გავრცელებულ მიმართვაში.
აქვე, აშშ-ის ლიდერმა ეპიდემიის გავრცელებაში ჩინეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ჩინეთს ძვირი დაუჯდება, რაც აშშ-ს და მთელ მსოფლიოს გაუკეთა.
„ეს რომ მოხდა, თქვენი ბრალი არ არის. ეს ჩინეთის ბრალია და ჩინეთს ის, რაც ჩვენს ქვეყანასა და მთელს მსოფლიოს გაუკეთა, ძვირი დაუჯდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.