დონალდ ტრამპი ტყის გახშირებულ ხანძრებს შტატების ადგილობრივი ხელისუფლების არასწორ მენეჯმენტს უკავშირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიაში ჩავიდა, სადაც მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. კალიფორნიაში ვიზიტისას დონალდ ტრამპმა ტყის ხანძრები ადგილობრივი ხელისუფლების არასწორ მენეჯმენტს დაუკავშირა და არა კლიმატურ ცვლილებებს.
„როდესაც ხეები ეცემა, მალე ძალიან მშრალი ხდება, ასანთის ღერს ემსგავსება. ეს ფეთქებადი ხდება. იგივე ეხება ფოთლებსაც. ხმელი ფოთლები მიწაზე, ეს არის საწვავი ხანძრებისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა საკრამენტოს აეროპორტში მედიასთან საუბრისას.
მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტი კალიფორნიის გუბერნატორს გეივინ ნიუსომს შეხვდა, რომელიც გახშირებულ ტყის ხანძრებს კლიმატური ცვლილებების შედეგს უწოდებს.
„მეცნიერება და ჩვენ წინაშე არსებული მტკიცებულებები აშკარა მანიშნებელია, რომ კლიმატური ცვლილებები რეალურია და ვითარებას ართულებს“, – აღნიშნა კალიფორნიის გუბერნატორმა.
როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, პრეზიდენტთან შეხვედრისას ნიუსომმა მას ფედერალური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დაეთანხმა, რომ ტყის მართვა გასაუმჯობესებელია, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კალიფორნიაში ტყის მხოლოდ 3 პროცენტი არის შტატის დაქვემდებარებაში, 57 პროცენტი კი, ფედერალური მიწაა.
ამასთან კლიმატური ცვლილებებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია მისმა მეტოქემ, რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „კლიმატური ცეცხლის წამკიდებელი“ უწოდა.
„დონალდ ტრამპის მიერ კლიმატური ცვლილებების უარყოფა კიდევ ოთხი წელი რომ გაგრძელდეს, რამდენი გარეუბანი დაიწვება ტყის ხანძრების ედეგად? რამდენი გარეუბანი დაიტბორება? რამდენ გარეუბანს გაანადგურებს ქარიშხალი?“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.