დონალდ ტრამპი – გაერო-ს უფლებადამცველები ამერიკას აკრიტიკებენ ბავშვების ტრანსგენდერული დასახიჩრებისგან დაცვის გამო, ქრისტიანების დევნას კი იგნორირებას უკეთებენ

20:16, 22.09.2026

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა გაერო და საერთაშორისო ინსტიტუტები. ტრამპმა ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვნებში სქესის შეცვლის პროცედურებსა და მსოფლიოში ქრისტიანთა შევიწროების იგნორირებაზე.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუღებელია, როდესაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი ოფიციალური პირები, რეალური დანაშაულების ნაცვლად, აშშ-ის კანონმდებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„სრულიად მიუღებელია, რომ მსოფლიოში არსებული ყველა რეალური საშინელების ფონზე, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი ოფიციალური პირები დროს ხარჯავენ შეერთებული შტატების კრიტიკაში. იმის გამო, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს შვილებს ტრანსგენდერული დასახიჩრებისგან და ტრანსგენდერული სიგიჟისგან, ვახორციელებთ ჩვენს საემიგრაციო კანონებს.

ადამიანის უფლებათა საბჭოს მშიშარა და თვალთმაქც წევრებს თითქმის არაფერი აქვთ სათქმელი ქრისტიანთა დევნაზე. არადა, ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში დევნიან. ეს დაუჯერებელიც კია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამას ვიტყოდი, მაგრამ ეს უკვე დიდი ხანია, ხდება, იქნება ეს ქრისტიანების დევნა, თუ მსოფლიოს ყველაზე რეპრესიული რეჟიმების დანაშაულები. თუმცა, მათ სურთ, ამერიკამ გახსნას საზღვრები ბანდებისა და კრიმინალებისთვის მსოფლიოს ყველაზე საშიში ადგილებიდან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა ასევე დასძინა, რომ მისმა ადმინისტრაციამ გაერო-ში ისტორიული რეფორმები გაატარა. კერძოდ, ტრამპის განმარტებით, პირველად ისტორიაში, 2026 წლისთვის გაერო-ს ბიუჯეტი 15%-ით შეამცირა და 4 000-ზე მეტი პოზიცია გააუქმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, გაერო-მ უნდა შეწყვიტოს „არჩეული გლობალისტი ბიუროკრატების უკიდურესად მემარცხენე დღის წესრიგის თავს მოხვევა“. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) და მას „ანტიამერიკული ტრიბუნალი“ და „ბოროტი ჯგუფი“ უწოდა, ხოლო ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვოს ეს ორგანიზაცია.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ UNESCO-ს მიერ მასობრივი მიგრაციის წახალისება ანგრევს მსოფლიოს უდიდეს კულტურულ მემკვიდრეობას. სიტყვით გამოსვლის ბოლოს, ტრამპი ტექნოლოგიურ პროგრესსაც შეეხო და განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ (Artificial Intelligence) ჩანაცვლდება ტერმინით „სუპერ ინტელექტი“ (Super Intelligence – SI), რადგან სიტყვა „ხელოვნური“ მას ყალბ იერს სძენს.

ტრამპის თქმით, აშშ ამ სფეროში საგრძნობლად უსწრებს ჩინეთს და არ აპირებს, შეაფერხოს ტექნოლოგია, რომელიც ინდუსტრიულ რევოლუციაზე დიდია.

მსგავსი