აშშ-ის პოლიციისთვის დაფინანსების გადახედვის საკითხის განხილვისას კონგრესიდან ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ პირდაპირი ეთერის უეცარ შეწყვეტას ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკმაყოფილება მოჰყვა. ტელეკომპანია საკითხის განხილვას კონგრესიდან პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
აშშ-ის პრეზიდენტი მომხდარს „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა.
„დაუჯერებელია! „ფოქს ნიუსმა“ კონგრესის მოსმენის ტრანსლირება ზუსტად მნიშვნელოვანი მომხსენებლის გამოსვლამდე შეწყვიტა. ეს „სიენენის“ საქციელს უფრო ჰგავს. „ფოქსი“ დაკარგულია“, – წერს ტრამპი.
დემოკრატი სენატორების ნაწილის მიერ პოლიციისთვის დაფინანსების გადახედვის ინიციატივას დონალდ ტრამპი არ ემხრობა და აცხადებს, რომ რადიკალი მემარცხენეების გეგმები არ აღსრულდება.