დონალდ ტრამპი - FBI-ს ანგარიში ცხადყოფს, რომ ბიურო წინასაარჩევნო კამპანიას უკანონოდ აკვირდებოდა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიურო 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიას უკანონოდ აკვირდებოდა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, FBI-ის ანგარიში, რომელიც ტრამპის ყოფილი თანაშემწის რუსეთთან კავშირებზე მიუთითებს, წინასაარჩევნო კამპანიის მეთვალყურეობის მტკიცებულებაა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გასაჯაროებული ანგარიშის თანახმად, დონალდ ტრამპის ექსთანაშემწე რუსეთთან თანამშრომლობდა. დოკუმენტში წერია, რომ კარტერ პეიჯს, რომელიც 2016 წელს ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრი იყო, რუსეთის ხელისუფლებასთან ჰქონდა კავშირები.
გასაჯაროებულ საბუთებს შორის არის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიმართვა სასამართლოსადმი, რომელშიც სამართალდამცველები პეიჯის სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლებას ითხოვენ. ამის მოტივად კი იმას ასახელებენ, რომ ტრამპის ყოფილი მრჩეველის გადაბირებას რუსეთი ცდილობს. თავად პეიჯი რუსეთთან კავშირს უარყოფს.