დონალდ ტრამპი - ევროკავშირის ქვეყნები არ ყიდულობენ ჩვენს მანქანებს და ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, მილიონობით მანქანას ყიდიან აშშ-ში, არა, არა და არა, მათ დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ
აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში ევროკავშირს „დიდი საფასურის გადახდა“ მოუწევს.
„აი, რას გეტყვით, ევროკავშირი – ისე კარგად და სასიამოვნოდ ჟღერს, ხომ? ყველა ეს ლამაზი პატარა ევროპული ქვეყანა, რომელიც ერთად იკრიბება. ისინი არ ყიდულობენ ჩვენს მანქანებს; არ ყიდულობენ ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. მილიონობით მანქანას ყიდიან შეერთებულ შტატებში. არა, არა და არა, მათ დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე.
ტრამპის თქმით, პირობას დებს, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში ყველა ქვეყნიდან იმპორტზე 10%-იან ტარიფს დააწესებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე – 60%-იანს.
ამასთან, როგორც მედია წერს, ეკონომისტების შეფასებით, მსგავსი ნაბიჯები მსოფლიო მიწოდების ჯაჭვებზე მოახდენს გავლენას, სავარაუდოდ, გამოიწვევს საპასუხო ზომებს და ფასების ზრდას განაპირობებს.