დონალდ ტრამპი დემოკრატებს მთავრობის მუშაობის მრავალწლიანი შეჩერებით ემუქრება
დონალდ ტრამპი დემოკრატებს მთავრობის მუშაობის მრავალწლიანი შეჩერებით ემუქრება

დონალდ ტრამპი დემოკრატებს მთავრობის მუშაობის მრავალწლიანი შეჩერებით ემუქრება. ამის შესახებ დემოკრატმა კონგრესმენებმა თეთრი სახლის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

როგორც კანონმდებლებმა აღნიშნეს, საუბრის დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, მზად არის, ე.წ. „შათდაუნი“ რამდენიმე თვე და წელიც შეინარჩუნოს.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა დემოკრატებთან გამართულ მორიგ მოლაპარაკებებს ძალიან პროდუქტიული უწოდა. მხარეები მზად არიან, მოლაპარაკებები გაგრძელდეს. კიდევ ერთი შეხვედრა თეთრი სახლის წარმომადგენლებსა და კონგრესმენებს შორის 5 იანვარს დილის საათებში გაიმართება.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და კრიმინალი ქვეყანაში სწორედ მექსიკის საზღვრის საშუალებით ვრცელდება, ამიტომ პრეზიდენტი ბიუჯეტში დამატებით ხუთი მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რაც მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე კედლის აშენებას მოხმარდება.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მოთხოვნა დააკმაყოფილა და შესაბამისი ბიუჯეტი მიიღო, თუმცა სენატში მყოფი დემოკრატები მის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

კანონის თანახმად, კი ბიუჯეტთან დაკავშირებით არსებულ კანონს მხარი ზედა პალატის 60-მა წევრმა მაინც უნდა დაუჭიროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკელებთან ერთად, რომლებიც სენატში უმრავლესობაში არიან, ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დემოკრატების გარკვეულმა ნაწილმაც უნდა დაუჭიროს.

ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით შექმნილი გართულების გამო, რამდენიმე კვირის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ნაწილობრივ დროებით მუშაობა შეაჩერა.