დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი და ფხენიანი სადავო საკითხებზე შეთანხმებას შეძლებენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონი და ფხენიანი საბოლოოდ სადავო საკითხებზე შეთანხმებას შეძლებენ. ამის შესახებ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მე გადავწყვიტე, რომ რამის ხელმოსაწერად შეუსაბამო მომენტი იყო, ვნახოთ, რა მოხდება რაღაც დროში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჰანოიში კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შედეგებზე საუბრისას.
„მათ სურდათ დენუკლეარიზაცია განსაზღვრულ რაიონებში, მე კი მინდოდა, რომ ის სრული ყოფილიყო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდება დენუკლეარიზაციის სრულ პროგრამამდე.
აშშ-ის ლიდერმა კიმ ჩენ ინთან გამართული შეხვედრა ზოგადად დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, არც ერთი მხარე შეთანხმებისთვის მზად არ იყო. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მას დაპირდა, რომ ბირთვულ ცდებს აღარ ჩაატარებდა.
„და მე მჯერა, როდესაც ამას მეუბნება. მე მის სიტყვას ვიმახსოვრებ. თუმცა ვნახავთ, რა მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, ჰანოიში გამართული აშშ-ჩრდილოეთ კორეის ორდღიანი სამიტი შეთანხმების ხელმოწერის გარეშე ვადაზე ადრე დასრულდა. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, შეთანხმება არ შედგა, რადგან კიმ ჩენ ინს სანქციების სრულად მოხსნა სურდა.