დონალდ ტრამპი - დარწმუნებული ვართ, საბოლოოდ გავიმარჯვებთ, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი, მე არაფერი დამიშავებია
დონალდ ტრამპი - დარწმუნებული ვართ, საბოლოოდ გავიმარჯვებთ, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი, მე არაფერი დამიშავებია

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის სასამართლოში მისი იმუნიტეტის საქმეზე მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ მას არაფერი დაუშავებია. მისივე თქმით, პრეზიდენტებს უნდა ჰქონდეთ იმუნიტეტი.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, მისი საქმე თუ გაგრძელდება, ეს პოტენციურად შესაძლებელს გახდის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დევნა განხორციელდეს, როგორც კი ის თანამდებობას დატოვებს.

„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. როდესაც ისინი საუბრობენ დემოკრატიის საფრთხეზე, ეს არის თქვენი რეალური საფრთხე დემოკრატიისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებთ. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი. მე არაფერი დამიშავებია“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონის სასამართლოში დღევანდელ პროცესს დაესწრო. მისი უფლებადამცველები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დაცული უნდა იყოს იმ ბრალდებებისგან, რომლის მიხედვითაც, ის უკანონოდ ცდილობდა 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებას. სასამართლომ პროცესზე მხარეთა არგუმენტები მოისმინა. დონალდ ტრამპმა სასამართლო მალევე დატოვა.